ე.წ. მოსმენების კანონს, რომელზეც საკანონმდებლო ორგანომ პრეზიდენტის ვეტო დაძლია, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ხელი მოაწერა.
ამის შესახებ პაპუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა და განმარტა, რომ არ არსებობს არც სამართლებრივი და არც მიზანშეწონილობის კუთხით რაიმე არგუმენტი, რომელიც ხელს შეუშლიდა ამ კანონის ამოქმედებას.
"ისევე, როგორც პრეზიდენტის ვეტოში, ვენეციის კომისიამაც ვერ დაადგინა წინააღმდეგობა ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ რომელიმე ევროპულ თუ საერთაშორისო სტანდარტთან. ამასთან, ვენეციის კომისიამაც, საქართველოში ცალკეულ აქტორებთან მის გასაუბრებაზე დაყრდნობით, გაიმეორა მოსაზრება კანონის მიღების ტემპთან და დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობასთან დაკავშირებით. ეს არის ის აღქმა, რის ჩამოყალიბების მცდელობაც, სამწუხაროდ, ამ კანონის მიმართ იყო", - თქვა შალვა პაპუაშვილმა.
კანონპროექტი, რომელსაც საქართველოში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიციური პარტიები აკრიტიკებდნენ, საქართველოს პარლამენტმა 7 ივნისს მიიღო.